ირაკლი ზარქუა - აშშ-თან ურთიერთობაში გარკვეული პაუზა გაუგებარი იყო, აშშ-ის მთავრობის მიერ გადმოდგმული ნაბიჯი მისასალმებელია, მზად ვართ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავტვირთოთ
აშშ-ის მთავრობის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯი მისასალმებელია, ჩვენ მზად ვართ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავტვირთოთ. ჯერ ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ხალხი და ინტერესები, ვინც ამასთან იქნება თანხვედრაში, ყოველთვის ჩვენი მეგობარი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობაში გარკვეული პაუზა გაუგებარი იყო.
„ამერიკის მთავრობის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯი მისასალმებელია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ვართ, რომელიც ქართულ ინტერესებს ვიცავთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ინტერესებს ვიცავთ. აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, მართალია. საიდან ვასკვნით? ტრამპის ადმინისტრაციამ ის სიგიჟეები გაშიფრა, რასაც აფინანსებდნენ ევროპული თუ ამერიკული ფონდები. ისინი ანტიქართულ და ანტიმართმადიდებლურ პოლიტიკას აფინანსებდნენ როგორც „ენჯეოების“ სახით, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციების. ამაში დავემთხვიეთ. გაუგებარი იყო გარკვეული პაუზა ურთიერთობებში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მისალოცი წერილი ძალიან კარგია.
„თარგმანში დაკარგულები რომ გვყავს ოპოზიციაში, რაც არ უნდა ინტერპრეტაცია გააკეთონ, აზრი არ აქვს, წერონ და იკითხონ. ურთიერთობებისთვის მზად ვართ, დიდი მონდომებით და დიდი ძალისხმევით. მზად ვართ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავტვირთოთ. ჯერ ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ხალხი და ინტერესები და ვინც ამასთან იქნება თანხვედრაში, ყოველთვის ჩვენი მეგობარი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.