ირაკლი ზარქუა - არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა „ბანანის რესპუბლიკა“ ეგონოს, ბუში იქნება თუ სხვა, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ თუ მომიწოდებს, ეს გამორიცხულია
ირაკლი ზარქუა - არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა „ბანანის რესპუბლიკა“ ეგონოს, ბუში იქნება თუ სხვა, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ თუ მომიწოდებს, ეს გამორიცხულია

ფასიანმა ლობისტებმაც და ხელმოცარულებმაც, ყველამ კარგად გაიგოს, არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა „ბანანის რესპუბლიკა“ ეგონოს. კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი თუ სხვა ხელმოცარულები, ვინც ხართ შეკრებილი და პოლარიზაციას აღვივებთ, რადიკალებს მხარს უჭერთ და რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ, მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, კონფერენციაზე არ არიან საქართველოს მეგობრები, არამედ არიან რადიკალები და ხელმოცარულები ოპოზიციიდან, ფასიანი ლობისტები.

„მერამდენე წელია, ამ კონფერენციაზე ათიათასობით დოლარი იხარჯება და კონფერენციებს რისთვის ატარებენ? საქართველოს ინტერესები შელახონ, არასწორი ბრალდებები გაახმოვანონ და სააკაშვილი არ გავასამართლოთ. ამას ვინ გვეუბნებიან? ამერიკის წარმომადგენლები, რომელთაც ახლახან ბრალდება წაუყენეს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. ე.ი. საქართველოში ორმაგი სტანდარტია, აქ ყველაფერი „მოსულა“. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ადამიანებს ასამართლებენ და ციხეში ჩასვეს, საქართველოში ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“ რომ დასდევდნენ, პარლამენტს ანგრევდნენ, ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ. ასეთი მიდგომისა და დემოკრატიის არ მჯერა. ყველამ კარგად გაიგოს, ფასიანმა ლობისტებმაც და ხელმოცარულებმაც, საქართველოს აქვს უდიდესი ტრადიციები და არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა „ბანანის რესპუბლიკა“ ეგონოს. კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი თუ სხვა ხელმოცარულები, ვინც იქ ხართ შეკრებილები და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიხართ, პოლარიზაციას აღვივებთ, რადიკალებს მხარს უჭერთ და რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ, მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, გამორიცხულია, არ გაგიტარებთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხეს, ზარქუას თქმით, საქართველო სამართლებრივად იმართება, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგია და ბუში იქნება თუ სხვა, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ მოწოდება მიუღებელია.

„სულ ტყუილად ხარჯავენ ასიათასობით დოლარს, ამდენი წელია, კონფერენციას ატარებთ. ქართველებმა ამით რაიმე მიიღეს? არა. შეიკრიბებიან ფურშეტზე, ერთმანეთს შეაქებენ. ეს კაცი ამერიკიდან გამოაგდეს, რადგან ხელმოცარულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტი იყო და ეს ატარებს კონფერენციას, ამას უნდა ვუსმინოთ? რაც შეეხება ჯორჯ ბუშის წერილს, ამ კონფერენციის ავტორიტეტზე მიუთითებს, რომ ჯორჯ ბუშს ჩართვა კი არ ჰქონდა, წერილი დაწერა, ამას კითხულობენ და იქ რა ჩაასწორეს და რა არა, მეათეხარისხოვანია. ბუში იქნება თუ სხვა, თუ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ მომიწოდებს, კონსტიტუცია დავარღვიო და სააკაშვილი გარეთ გამოვუშვა, ეს გამორიცხულია. ბატონო ბუშო, ამ დარღვევისთვის საკუთარ პრეზიდენტს ასამართლებთ. იქნებ ეს თემა მოიკითხოს. პარლამენტზე შტურმის და „მოლოტოვის კოქტეილებით“ დევნის გამოა კითხვები და გამოძიება მიმდინარეობს. მათ ადამიანები უკვე დაიჭირეს, ეს ამერიკაში შესაძლებელია და საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმაა? ეტყობა, სიღრმისეულად არ არის ამ თემაში შესული, თორემ ასეთ წერილს არ დაწერდა. საქართველო სამართლებრივად იმართება და კონსტიტუციური წესრიგია. ვინც გაილაშქრებს ამის წინააღმდეგ, შესაბამისი რეაქცია გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.