ირაკლი ზარქუა - არ გავუტარებთ არც ერთ სიცრუეს, ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს, საკრებულოს მასხარა ლევან ხაბეიშვილს
ირაკლი ზარქუა - არ გავუტარებთ არც ერთ სიცრუეს, ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს, საკრებულოს მასხარა ლევან ხაბეიშვილს

დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპონენტ ლევან ხაბეიშვილს თბილისის გენგეგმაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებასა და არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს.

ზარქუას განცხადებით, გენერალური გეგმის ფარგლებში ქალაქის ქაოსური განაშენიანების თავიდან არიდების მიზნით, კონკრეტულ ტერიტორიებს ზონის სტატუსი გაუმკაცრდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი შესწავლა ხდებოდა.

ზარქუას ინფორმაციით, სწორედ რევიზიის შედეგად, კონკრეტულ ტერიტორიებს კვლავ უბრუნდება ძველი სტატუსი.

კერძოდ, საუბარია დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონის სამხრეთ ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, ლისის ტბაზე, ორთაჭალის ბაღებსა და აკადემ ქალაქზე.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, ამ ტერიტორიებს კვლავ RZ2, RZ3 სტატუსი მიენიჭება, რაც კატეგორიულად გამორიცხავს კორპუსების აშენებას.

„არახალია ის, რომ დღეს ბოიკოტს აცხადებენ. ეს არის მათთვის მუშაობის სტილი. დღეს ბოიკოტს უცხადებენ 102 ადამიანს, კოოპერატივებით დაზარალებულს უნდა გადავცეთ მიწის ნაკვეთები და ფართები. ესენი ბოიკოტს უცხადებენ ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურად შეჭირვებულები, შეჭრილები და ამათ ვუმტკიცებთ დღეს.

მათ არ აინტერესებთ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, მათ აინტერესებთ პიარზე, სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციების გაცემა. რაც შეეხება სიცრუის ტირაჟირებას, თურმე კალაძეს სდომებია ზონის შეცვლა. ჩვენ, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია მოვედით ხელისუფლებაში, ვთქვით, რომ თბილისი ქაოსურად არ უნდა განაშენიანდეს.

ამიტომ ჩვენ შეზღუდვები დავადეთ, შევცვალეთ, ყველაზე მკაცრი ზონები დავადეთ. ელემენტარული უცოდინრობა და არაკომპეტენტურობაა, როგორ შეიძლება, გლდანის ან თბილისის მიმდებარედ მაღალი კორპუსები აშენდეს. არ გავუტარებთ არც ერთ სიცრუეს, ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს საკრებულოს მასხარას.

დაზარალებული იყო მოსახლეობა იმ გამკაცრებული რეჟიმის გამო, თუმცა ეს იყო აუცილებლად მისაღები, რადგან ჩვენ კონკრეტულად უნდა შეგვესწავლა არეალი და გვეთქვა, სად შეიძლება გაგრძელდეს ინტენსივობა-განვითარება, სად შეიძლება შევზღუდოთ.

RZ2, RZ3 არის შეზღუდული განაშენიანება, კორპუსს ვერ ააშენებ იქ. ეს არის ტერიტორია, სადაც გასხვისებულია, სხვათაშორის კორუმპირებულ უგულავას დროს და ის ხალხი, ვინც არის პატიოსნად მყიდველი, რა ქნას ახლა, კორუმპირებულმა, სადაც ხაბეიშვილი და უგულავა მუშაობდნენ და პრემიებს იღებდნენ, იქ რომ მიყიდა, ახლა რატომ უნდა დაისაჯონ. ამიტომ ჩვენ ვუთხარით, შევისწავლით და შემდეგ იმ ძველ ზონას, რაც იყო, თუ არის ამის შესაძლებლობა, დაგიბრუნებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს და თბილისის გენგეგმაში ცვლილების განხილვას არ დაესწრება.