ირაკლი ზარქუა - 2018 წლის ბიუჯეტში ყველა ხარჯი ისეა გაწერილი, რომ დედაქალაქის ინტერესებს მოერგოს
ირაკლი ზარქუა - 2018 წლის ბიუჯეტში ყველა ხარჯი ისეა გაწერილი, რომ დედაქალაქის ინტერესებს მოერგოს

ბიუჯეტში ასახულია ის პრიორიტეტები, რასაც დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ზარქუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„2018 წლის ბიუჯეტში ყველა ხარჯი ისეა გაწერილი, რომ დედაქალაქის ინტერესებს მოერგოს. 2016 წელს მერიას და ადმინისტრაციას შრომით ანაზღაურებაში 95 მილიონი ჰქონდა, 2017 წელს 88 მილიონი, ხოლო 2018 წლის პროექტი 82 მილიონამდეა შემცირებული. კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია მიდის, რაც ოპტიმიზაციას და ისეთი სერვისების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც დედაქალაქის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. თუ ამას კიდევ უფრო მეტად შემცირება დასჭირდება, შევამცირებთ, რადგან ამის კომპლექსი არ გვაქვს. ხოლო თუ დამატება დასჭირდება, დავამატებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტი სოციალურია, ისევე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, საიდანაც ამ მიმართულებით 3 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი აქტორი სოციალური პროგრამებია. ჩვენი ამოსავალი წერტილი ის კი არ არის, რომ სოციალური ხარჯები ვზარდოთ, რაც მოჯადოებულ წრეზე სიარულს ნიშნავს, არამედ მთავარი ამოცანაა, არნახული ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. 2017–2018 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 337 მილიონ ლარამდე იხარჯება, რათა რამენაირად ამოვიდეთ იმ მოჯადოებული წრიდან, სადაც მხოლოდ სოციალური პროექტები ხორციელდება.

ჩვენი მთავარი ინტერესი სამუშაო ადგილების შექმნაა, მაგრამ პარალელურად, ვცდილობთ, სოციალური პროგრამები კი არ შევამციროთ, არამედ შევინარჩუნოთ და ორ კომპონენტში გავაძლიეროთ, ეს არის ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროგრამა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა უფასო სასადილოების რაოდენობა, არამედ ეკონომიკა გავზარდოთ და ხალხი ამ უმწეო მდგომარეობიდან გამოვიყვანთ. ეს ჩვენი ამოსავალი წერტილია და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.