ირაკლი წულაია აცხადებს, რომ „იმედზე“ ბიზნესგადაცემები დაუხურეს და 25 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ირაკლი წულაია აცხადებს, რომ „იმედზე“ ბიზნესგადაცემები დაუხურეს და 25 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს დაშინებები და არ გამოვრიცხავ, დავტოვო ქვეყანაც, – ამის შესახებ გადაცემების „ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ ავტორმა ირაკლი წულაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე გახლავართ ირაკლი წულაია, „ჰოლონის“ დამფუძნებელი და აწ უკვე ყოფილი გადაცემა „ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ ავტორი, მთავარი პროდიუსერი და წამყვანი. ორი წელი ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებდით საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ბიზნესგადაცემებს ტელეკომპანია „იმედში“.

მინდა, აღვნიშნო, რომ ზუსტად ორჯერ ვუსწრებდით რეიტინგით ყველა ბიზნესგადაცემას საქართველოში.
ვითომცდა ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, მოგვთხოვეს გადაცემის შეჩერება და ერთ დღეში ისე, რომ მადლობაც კი არ გადაუხადეს, 25 თანამშრომელი გაათავისუფლეს და დაუხურეს ტელეკომპანიის კარები.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე, ეს არ არის ერთი გადაცემის ან ერთი ტელევიზიის საკითხი. ეს მთელ ქვეყანას, მედიასა და ხელისუფლებაში მოკალათებულ ზღვარგადასულ პოლიტიკოსებს ეხება, რომლებსაც ჩვენი შვილების ბედი აბარიათ. სამი თვის წინ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევით დათანხმდა ხელისუფლების გადაბარებას, რაზეც მას საჯაროდვე ვუპასუხე შემდეგი, ვციტირებ ამონარიდს:
ირაკლი კობახიძეს ერთი წუთი არ უბრძოლია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ, არ იყო იქ და არ იცის დეტალები. რეალურად სააკაშვილს რომ ეღიარებინა წაგებული არჩვენების შედეგები, ამას უამრავი ხალხის წლობით უძილო ღამეები, ოჯახის წევრების საფრთხის წინ დაყენება, ბევრი ჩვენგანის ციხეებში ამოკეტვა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირათქო“, – განაცხადა ირაკლი წულაიამ.

წულაიას თქმით, მისი განცხადება მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, რამაც „ქართული ოცნების“წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.

„ეს ჩემი პასუხი გამოაქვეყნა ბევრმა სააგენტომ და ვებგვერდმა, რასაც მოჰყოლია დიდი ამბები „ქართული ოცნების“ ოფისში, თუ როგორ გავბედე ამის დაწერა იმედის თანამშრომელმა. ვერ აჩერებდნენ კობახიძესა და მდინარაძეს, იმუქრებოდნენ გადაცემის დახურვით და ჩემი „იმედიდან“ გაგდებით, რის შემდეგაც დამიკავშირდა „იმედის“ დირექტორი ნიკა ლალიაშვილი და მთხოვა, ყველა რესურსიდან წამეშალა ჩემი პასუხი, რადგან ირაკლი კობახიძე და მდინარაძე ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ. მე ავუხსენი, რომ ჩემი რესურსებიდან ამ მოსაზრებას არ წავშლიდი და რომც წამეშალა, უკვე აზრი აღარ ჰქონდა, რადგან გავრცელებული იყო სხვადასხვა მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების მიერ, რის შემდეგაც იწყება ჩემი გადაცემის პრობლემები.

მიზეზად მოიფიქრეს ფინანსური კრიზისი – 25 თანამშრომელი გაუშვეს სახლში და დახურეს გადაცემა. მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი რეალური მიზეზი, თუმცა მათი ოფიციალური პასუხის განეიტრალებისთვის გავაფორმე სამთვიანი შეთანხმება „იმედთან“ და დავიწყე სპონსორების მოძიება, რაც სრულად მათი საქმე გახლდათ. ამის მიუხედავად, სპონსორების მოძიება შევძელი და შევთავაზე გადაცემისა და თანამშრომლების დაბრუნება, რამდენიმე დღის წინ უკვე საბოლოო უარი მივიღეთ.

როცა ქვეყნის მმართველები ჟურნალისტების ერთ მართალ პასუხზე ასე რეაგირებენ და თვლიან, ჩაერიონ ჟურნალისტის საქმიანობაში, ამისთვის დახურონ გადაცემა და უსამსახუროდ დატოვონ უამრავი ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოჰყვეს კრიტიკულ სიუჟეტს ან მთლიან გადაცემას. გამაგებინეთ, საბჭოთა საქართველოს ვუბრუნდებით თუ ჩრდილოეთ კორეისკენ მივდივართ? „იმედის“ ეთერში ჩვენ კრიტიკული სიუჟეტები გაგვიკეთებია საქართველოს პრეზიდენტზე, მინისტრებზე, მაგრამ ის, რაც გაბედა და იკადრა კობახიძე-მდინარაძის ტანდემმა, არ უკადრია არავის. მეგობრებო, ეს არ არის ის ქვეყნა, რომლის აშენებასაც ჩვენ ვაპირებდით ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ეს არ არის თავისუფალი მედია. რამდენიმე დღის წინ ასე რომ ამაყობდით რეიტინგებით და მედიაგარემოზე განცხადებებს აკეთებდით.

ჩემდა სამწუხაროდ, „ოცნებამ“ აირჩია „ნაციონალური მოძრაობის“ გზა და ქვეყანას მიაქანებს ჭაობისკენ, მაგრამ საუკუნეებია, ეს ვერავინ მოახერხა და ვერ მოახერხებთ თქვენც. ჩვენ ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს, ეს კარგად უნდა გესმოდეთ“, – განაცხადა ირაკლი წულაიმ.

მან ასევე მიმართა კახა კალაძეს, პასუხისმგებლობა აიღოს ირაკლი კობახიძის ქმედებებზე.

„ბატონო კახი, კალაძეს მივმართავ, იქნებ გააგებინოთ თქვენ პროტეჟე კობახიძეს, პოლიტიკა რა ხილია, ან აიღეთ პასუხისმგებლობა ამ ურეიტინგო ლიდერის სამარცხვინო ქმედებებზე.

მე წლები ვიბრძოდი თავისუფალი სიტყვისთვის. ვიყავი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერიც, მაგრამ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა, ეს პარტია და ქვეყანა სამართავად დარჩა უსახელო და უგვარო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ყოველგვარი ზღვარი გადალახეს და ამისთვის ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს.

მინდა, მადლობა გადავუხადო „იმედის“ ყველა ღირსეულ თანამშრომელს და ჩემს გუნდს. პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. ასევე მადლობას გადავუხდი ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს. რომ არა მათი სამარცხვინო ქმედებები, არ მექნებოდა შესაძლებლობა, კიდევ უფრო თავისუფლად მემსახურა ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის. დემოკრატიული საქართველოსთვის, ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი წულაიამ.

მისი თქმით, საკუთარ გადაცემაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

„მე ვაპირებ ჩემი გადაცემა რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო, შეიძლება, ტელევიზიაც იყოს საუბარი თუმცა დავაკვირდები სიტუაციას. ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს დაშინებები და არ გამოვრიცხავ, დავტოვო ქვეყანაც. ჩემი ოჯახის წევრები სხვადახვა ადგილებზე მუშაობენ და გამაფრთხილებელი მესიჯები იყო უკვე, რომ ნებით დაეტოვებინათ სამსახურები“, – განაცხადა ირაკლი წულაიამ.

დატოვე კომენტარი