ირაკლი სიხარულიძე - ძალიან გვინდა „სტიაუასთან“ წარმატება, ამით ხალხს დიდ სიხარულს მივანიჭებთ #1TVSPORT
ბუქარესტში „სტიაუასთან“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე „საბურთალომ“ ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშა. შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინზე კი თბილისელთა თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ისაუბრა.
„სასიამოვნოა, რომ ასეთი დიდი ისტორიის კლუბს ვეთამაშებით. მართალია, თბილისში მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მსგავსი ტურნირების დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება, წინ კი 90 წუთი გვაქვს სათამაშო. პირველ მატჩში გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს და განმეორებითი შეხვედრისთვის სერიოზულად ვემზადებით“, – ამბობს ირაკლი სიხარულიძე.
მან რუმინელებთან „ლოკომოტივის“ ფორმით მოგებული შეხვედრა გაიხსენა და საქართველოს საკლუბო ფეხბურთისთვის ამ მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ და ორი თამაშის ჯამში საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ძალიან გვინდა ეს წარმატება. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გაიხარებს და ხალხს დიდ სიხარულს მივანიჭებთ. რუმინული კლუბების წინააღმდეგ მაქვს თამაშის გამოცდილება. მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, თუმცა ფეხბურთის დონე გათანაბრებულია და თამაში ყველა მოწინააღმდეგესთან შეიძლება“, – ამბობს „საბურთალოს“ თავდამსხმელი.
„საბურთალო“ „სტიაუასთან“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე 28 ივლისს გამართავს. 21:30 საათიდან შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა „სილქ უნივერსალზე“ იქნება შესაძლებელი.