ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის განახლებული შენობა გახსნა
ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის განახლებული შენობა გახსნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი დავით ჩხარტიშვილი და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საჩხერის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„სრულად გარემონტდა საჩხერის რაიონული პროკურატურის ოფისი. მოეწყო არასრულწლოვანთა ოთახი. ასევე შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს“, – განაცხადა საჩხერის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ.

პროკურატურის ინფორმაციით, საჩხერის რაიონული პროკურატურა ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.