ირაკლი შოთაძე - გადადგომის მიზანი იყო, ხორავას ქუჩის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა შეიქმნა და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ
ირაკლი შოთაძე - გადადგომის მიზანი იყო, ხორავას ქუჩის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა შეიქმნა და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრების დროს, 2018 წლის 31 მაისს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

კერძოდ, ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დაუსვა კითხვა: „რატომ გადადექით 2018 წლის 31 მაისს. თუ შეიქმნა ისეთივე კრიტიკული სიტუაცია ან ისეთივე შემთხვევა, რაც იყო მაშინ თქვენი გადადგომის განმსაზღვრელი, პარლამენტმა თუ დაამტკიცა თქვენი კანდიდატურა ჩვენი მხრიდან არჩევის შემთხვევაში, რამდენად გვაქვს საბჭოს გარანტია, რომ თქვენ 6 წლის განმავლობაში შეასრულებთ ამ ფუნქციას. კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში, ღმერთმა დაიფაროს, რომ მსგავსი ტრაგედია კიდევ განმეორდეს, მე უბრალოდ სიტუაციას ვგულისხმობ, ხომ არ არის საფრთხე, კვლავინდებურად მოხდეს თქვენი მხრიდან თანამდებობის დატოვება“.

ირაკლი შოთაძის თქმით, პოსტის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე ამბობს, რომ მაშინ განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა.

შოთაძის აზრით, იმ პერიოდში შექმნილი ვითარება და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით.

„არაერთხელ ვისაუბრე იმ მოტივებზე, მიზეზებზე, რის გამოც მივიღე მაშინ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, იყო ჩემი გადაწყვეტილება და გამომდინარეობდა ზოგადად პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან.

ვფიქრობ, მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ვისაუბრე აქამდე, იმ პრობლემებზე, რაც საზოგადოებაში არსებობს, შეიქმნა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა.

შესაბამისად, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან ზოგადად სისხლის სამართლის საქმეები, მათზე მიმდინარე გამოძიება არის ძალიან აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიზნით გამოყენებას. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ პერიოდში შექმნილი სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო ზუსტად პოლიტიკური პარტიების მხრიდან გარკვეულად ამ ტრაგედიით მანიპულირებით.

საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინაიდან რეალურად გახლდათ მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს, შსს-ს, ასევე პროკურატურას, ბრალდების მხარეს, მე ვფიქრობდი მაშინ, რომ დიდი სამუშაო ჰქონდა გასაწევი, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. მე, რა თქმა უნდა, დღეს საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვხედავ, ეს პროცესი მიმდინარეობს და საკმაოდ აქტიურად. არის მთელი რიგი შედეგები ამ საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის განმარტებით, მთავარი შეტყობინება, რომელიც გადადგომით საზოგადოებას მიაწოდა, იყო ის, რომ აღნიშნული თანამდებობა იმ შემთხვევაში მისთვის არაფერს წარმოადგენდა.

„შესაბამისად, ჩემი მთავარი მესიჯი საზოგადოების წინაშე იყო ის, რომ დაენახა საზოგადოებას – ჩემთვის იმ შემთხვევაში ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. იყო შესაძლებლობა, სამსახურში, საზოგადოების, კანონის სამსახურში ვყოფილიყავი და აგვესრულებინა მართლმსაჯულება. შესაბამისად,  იქ პირადად მე არანაირი მოტივაცია არ მქონია, რომ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა ან ჩემი სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა.

საზოგადოებისთვის სწორედ ამის საჩვენებლად, რომ ეს იყო ფაქტი და რეალობა, მე მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ასევე, ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო, მოცემულ საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, წასულიყო სამართლებრივი გზით და საქმე მისულიყო ლოგიკურ დასასრულამდე. ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და მე დღესაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დავინახეთ ის შეცდომები, რეალობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მსგავს სიტუაციამდე და ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ მსგავსი ვითარება, გარემოებები აღარ შეიქმნას. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.