ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ ხანს შეხვდა
ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ ხანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა მიმოიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ცალკეული საკითხები.

„ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დეფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემას.

შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ეხება ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებას და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანას და შემდგომ უკანონო გადაცემას, წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს.

შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო ქართულ მხარესა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაზატ შამიმ ხანი, საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალურ შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება.

ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.