ირაკლი შოთაძე - როგორც მახსოვს, ვანო მერაბიშვილის საკითხზე მირზა სუბელიანთან არასდროს მისაუბრია
ირაკლი შოთაძე - როგორც მახსოვს, ვანო მერაბიშვილის საკითხზე მირზა სუბელიანთან არასდროს მისაუბრია

როგორც მახსოვს, ვანო მერაბიშვილის საკითხზე მირზა სუბელიანთან არასდროს მისაუბრია, – ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოთარ კახიძის კითხვას, უსაუბრია თუ არა მირზა სუბელიანთან მერაბიშვილის საქმეზე.

„თქვენ როცა ამ საქმეს იძიებდით, საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდით, გქონდათ თუ არა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსთან, ბატონ სუბელიანთან, რომელიც მაშინ უკვე თქვენი თანამშრომელი იყო. შეხვდით თუ არ მას და ესაუბრეთ თუ არა მერაბიშვილის საქმეზე“, – ჰკითხა კახიძემ ირაკლი შოთაძეს.

პასუხად ირაკლი შოთაძემ აღნიშნა – „რაზე უნდა მესაუბრა? მე როგორც მახსოვს, ამ  აკითხზე მირზა სუბელიანთან საუბარი არასოდეს არ მქონია“.

ირაკლი შოთაძის თქმით, მაშინ როდესაც 2013 წელს, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან მისი გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა, მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი თქმით, მერაბიშვილის განცხადებაზე შიდა მოკვლევა ჩაატარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, სადაც გენინსპექციის უფროსი იყო მირზა სუბელიანი.

როგორც შოთაძემ ოთარ კახიძის კითხვის პასუხად აღნიშნა, მისი ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მთავარ პროკურატურაში სამუშაოდ 2014 წელს გადავიდა. შოთაძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვისი რეკომენდაციით დაიწყო პროკურატურაში მუშაობა სუბელიანმა.

ოთარ კახიძემ კომისიის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მიმართა, რომ შიდა მოკვლევით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვული ციხიდან გაიყვანეს.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ივანე მერაბიშვილის გარკვეული უფლებების დარღვევის ფაქტი, რაც შემდგომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჩივრდა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.