ირაკლი შოთაძე - მიხეილ შაყულაშვილს დავავალე, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შვილის როლის გასარკვევად ყველა საჭიროღონისძიება ჩაეტარებინათ
ირაკლი შოთაძე - მიხეილ შაყულაშვილს დავავალე, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შვილის როლის გასარკვევად ყველა საჭიროღონისძიება ჩაეტარებინათ

მიხეილ შაყულაშვილს დავავალე, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შვილის როლის გასარკვევად ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო ღონისძიება ჩაეტარებინათ, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად განაცხადა.

გიგა ბოკერიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ მთავარ პროკურორს ჰკითხა, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება, რომ მან თავის ხელქვეითებს არ დაავალა მირზა სუბელიანის დაკითხვა.

ამასთან, კომისიის სხდომაზე გიგა ბოკერიამ შოთაძეს ჰკითხა თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილისა და მირზა სუბელიანის შეხვედრის შესახებ.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, მიხეილ შაყულაშვილმა მათ მიწოდა ინფორმაცია, რომ 1-ელ დეკემბერს მას დაუკავშირდა მირზა სუბელიანი, რომელიც იყო დაბნეული და ქალაქის პროკურორს სთხოვდა, ერჩია, რა ექნა.

„შემდეგ ის ყვება, რა რჩევა მისცა სუბელიანს. მან იქვე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდათ თქვენ. გვატყუებს თუ სიმართლეს ამბობს შაყულაშვილი“, – ჰკითხა ბოკერიამ შოთაძე, რაზეც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ შაყულაშვილი სიმართლეს ამბობდა.

ამის შემდეგ, გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ შოთაძეს ინფორმაცია ჰქონდა, რომ მირზა სუბელიანი ყოყმანობდა, როგორ მოქცეულიყო და ასევე თენგიზ კალანდიამ და მისმა შვილმა ჩვენებაში თქვეს, რომ მირზა სუბელიანი იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც მოხდა შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებების განადგურება, რატომ არ გასცა სუბელიანის დაკითხვის განკარგულება.

შოთაძემ აღნიშნა, რომ მან შაყულაშვილს დაავალა, მირზა სუბელიანის შვილის როლის გასარკვევად ჩატარებულიყო ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო ღონისძება.