ირაკლი შოთაძე ლიეტუვის გენერალურ პროკურორ ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა
ირაკლი შოთაძე ლიეტუვის გენერალურ პროკურორ ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა.

შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ლიეტუვის გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი და ლიეტუვის რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიეტუვის პროკურატურის დელეგაციის წევრებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტების, განხორციელებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინეს.

უწყების ცნობით, როგორც შეხვედრაზე ლიეტუვის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდა გრუნსკიენემ კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

„დღეს შევხვდით საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის გუნდს, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიება ძალიან სასარგებლოა ლიეტუვისთვის და იმედი მაქვს, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც ასეა. კონფერენციის ორგანიზება არის იდეალური. მიღება და საქართველოს სტუმართმოყვარეობა შესანიშნავია. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავიგეთ საქართველოს შესახებ“, – აღნიშნა გრუნსკიენემ.​

შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე.

ლიეტუვის გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე და გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს