ირაკლი შოთაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენს გარკვეულ ნაწილში მეც არ ვეთანხმები, თუმცა მთავარია, მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება
ირაკლი შოთაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენს გარკვეულ ნაწილში მეც არ ვეთანხმები, თუმცა მთავარია, მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება

ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენს გარკვეულ ნაწილში მეც არ ვეთანხმები და ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ეს განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მთავარი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

საპარლამენტო კომისიის სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ირაკლი შოთაძეს სთხოვა, წარმოედგინა მცირე ანგარიში გამოძიების პროცესზე და გაეკეთებინა დამდგარი შედეგის მიმართ შეფასება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, 2016 წლის იანვარში ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. მთლიანად ეს კოდექსი მორგებულია არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე. სწორედ ამ კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი პიროვნება ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსით მოსარგებლე შეიძლება პატიმრობაში იმყოფებოდეს, ანუ მისი პატიმრობის ვადის გაგრძელება არ შეიძლება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, გამოძიება შეზღუდული იყო ვადაში, რომ მას ეს გამოძიება უნდა დაესრულებინა 30 დღეში.

„სწორედ ამიტომ შსს და მისი გამომძიებლები შეზღუდულები იყვნენ ვადაში და ამ ვადის განმავლობაში, მე თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ჩატარებულია 600-ზე მეტი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება და ამ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურამ ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის. ეს საქმე წარიმართა სასამართლოში და ამ პირების მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ისინი მსჯავრდებულები არიან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაბადა ამ განაჩენმა, პირველი ინსტანციის განაჩენს გარკვეულ ნაწილში მეც არ ვეთანხმები და ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ეს განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მთავარი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე უფრო მაღალი ინსტანციის ორმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

„ამ საკითხზე უფრო მაღალი ინსტანციის ორმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და იმ ნაწილობრივად გამართლების ნაწილში, რამდენად სამართლებრივად გამართული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც გ.ბ-ს მოუხსნა დავით სარალიძის მკვლელობა. გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, ვინაიდან მტკიცებულებებით, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა და რომელსაც საფუძვლად დაედო ბრალდება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება გ.ბ-ს მხრიდან დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტის ჩადენა. შესაბამისად, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება”, – განაცხადა შოთაძემ.