ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ შოთაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
„საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდით ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილებისა და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდით. საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მზად ვარ, შევხვდე ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდით და მათი ინტერესების დამცველები“, – განაცხადა შოთაძემ.
ამასთან, მთავარი პროკურორის განცხადებით, არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანია მიცემული პასუხისგებაში.
შოთაძის თქმით, აღნიშნული პროცესი დასრულების ფაზაშია და ის იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, მთავარი პროკურორის განცხადებით, ამ მიმართულებით შს სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა და ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ხუთი პირის მიმართ.
„ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ხუთი პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ რამე სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მედიასაშუალებით გავრცელდა, გამოძიების პროცესში მოპოვებული, ამოღებულია და ხუთი პირის ბრალის ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, როგორც შოთაძე ამბობს, ინფორმაცია, რომ ამ ჩანაწერზე საგამოძიებო ორგანო ინფორმირებული არ არის, სიცრუეა.
„ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც დაედო ამ ხუთი პირის ბრალს, სწორედ ეს ვიდეოჩანაწერია. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს, ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალები გაცვლილია. ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა აღნიშნული მტკიცებულება, აქვს“, – განაცხადა შოთაძემ.