ირაკლი შოთაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკითხული 100 მოწმიდან ოთხის გარდა არავინ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას, თუ ვინ გამოიყენა დანა
ირაკლი შოთაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკითხული 100 მოწმიდან ოთხის გარდა არავინ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას, თუ ვინ გამოიყენა დანა

თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკითხული 100 მოწმიდან ოთხის გარდა არავინ აძლევს გამოძიებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა დანა ინციდენტში, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე დანაშაულთან ბრძოლა არის ურთულესი. ამ კონტექსტში მთავარმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა პრობლემებზე, რომელსაც მისივე თქმით, გამოძიება წააწყდა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემატიკას, რასაც გამოძიება ამ საქმის გამოძიებისას წააწყდა. როდესაც ვსაუბრობ ჩემს პასუხისმგებლობაზე, მე ეს პასუხისმგებლობა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, მაგრამ ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანაშაულთან ბრძოლა მარტივი არ არის და საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე არის ურთულესი. მინდა ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით საქმის სამართალწარმოებისას. ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით, მზისით საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ამაში მონაწილეობდა ათეულობით ახალგაზრდა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია ასეულობით მოწმე და 100 მოწმიდან არავინ ოთხის გარდა არ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა დანა ამ ინციდენტში.

„არც ერთი, ამ ოთხი ადამიანის გარდა, არ საუბრობს დანის არსებობაზე. ისინი ამბობენ, რომ მათ არ დაუნახავთ, ვის ეჭირა დანა. ამ 100 მოწმიდან, ვინც გამოძიებამ დაკითხა და შემდგომ ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარდგნენ, 14 მოწმე არის N51-ე სკოლელი. ისინი არიან მოკლულების მეგობრები და კლასელები. არც ერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ვინ გამოიყენა დანა, ვის ჰქონდა დანა“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.         

„ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან როდესაც ვსაუბრობთ პროკურატურის პასუხისმგებლობაზე, მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა, ჩვენ ყველამ საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ეს საქმე არ არის ბოლომდე დამთავრებული. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან დღეს მოვისმინეთ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მას არ ვეთანხმებით, თუმცა ჯერ არ ვიცით მოსამართლემ რა გარემოებები მიიჩნია იურიდიულ ფაქტად და რა გარემოებები არ მიიჩნია იურიდიულ ფაქტად“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

მან განმარტა, თუ რატომ ელოდება პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ფაქტებს გაიზიარებს სასამართლო.

„რატომ ელოდება პროკურატურა სასამართლოს განაჩენს – რადგან სასამართლოს განაჩენი არის პრეიუდიცია. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც სასამართლოს დადგენილებაში იქნება საუბარი, იქნება წინასწარ დადგენილი ფაქტი. ის, თუ რა ფაქტებს გაიზიარებს სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაიგეგმოს შემდგომი საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისი თქმით, პროკურატურა საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებს და ყველაფერს გააკეთებს მართლმსაჯულების ბოლომდე აღსასრულებლად.

„ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება ბოლომდე აღსრულდეს. ასევე, ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, ყველა სხვა საპროცესო მოქმედებას. ჩვენი დიდი სურვილია, ამ პროცესში, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩაერთოს ბატონი ზაზა სარალიძე. ჩვენ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღვასრულოთ მართლმსაჯულება და საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.