ირაკლი შოთაძე კელი დეგნანს შეხვდა
ირაკლი შოთაძე კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი ესწრებოდნენ.

უწყების სახელით, ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ამერიკელი პარტნიორების მიერ პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც ნაფიც მსაჯულთა და კიბერდანაშაულის საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ აშშ-ის ელჩს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.