ირაკლი შოთაძე - მე დავავალე პროკურორებს, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი ხორავას ქუჩის ინციდენტში
ირაკლი შოთაძე - მე დავავალე პროკურორებს, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი ხორავას ქუჩის ინციდენტში

შესაბამის კურატორ მოადგილეს და ქალაქის პროკურორს დავავალე, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი შესაბამის ინციდენტში, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში მოსთხოვა თუ არა ირაკლი შოთაძემ პროკურორებს, რომ დაეკითხათ მირზა სუბელიანი.

„მე დავავალე შესაბამის კურატორ მოადგილეს და ქალაქის პროკურორს, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი შესაბამის ინციდენტში, დაედგინა მას, რა ქმედება ჰქონდა განხორციელებული და ეს იყო ჩემი დავალება. ეს გულისხმობს, რომ უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც ამ მიზნის განსახორციელებლად იყო საჭირო”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, მისი დავალება მოიცავდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩატარებას.

„მე დავავალე ჩემდამი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, რომ ჩაეტარებინათ ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. რაც შეეხება დეტალებს, რა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები იყო საჭირო, ყველა რიგითი პროკურორით დაწყებული, დამთავრებული ჩემი მოადგილით, არიან ძალიან კომპეტენტური, გამოცდილი პროკურორები და კარგად იციან, რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა განახორციელონ საპროცესო ხელმძღვანელობა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.