ირაკლი შოთაძე ბუენოს-აირესის გენერალურ პროკურორს, ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა
ირაკლი შოთაძე ბუენოს-აირესის გენერალურ პროკურორს, ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბუენოს-აირესის გენერალურ პროკურორს, ხუან  ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბუენოს-აირესის გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის და თავაზიანი მასპინძლობისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ძალიან წარმატებული იყო. მე მას მადლობა გადავუხადე თავაზიანი მასპინძლობისთვის და ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ცალსახად წარმატებული გამოდგა. შევთანხმდით თანამშრომლობაზე, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ IAP-ის წევრებს შორისაც. მე იგი მივიწვიე ბუენოს-აირესში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კვლავ შევხვდებით, იქნება ეს ბუენოს-აირესში, აქ, საქართველოში თუ რომელიმე სხვა ახლომდებარე ქვეყანაში”, –  განაცხადა ხუან ბაუტისტა მაჰიქესმა.

ბუენოს-აირესის გენერალური პროკურორი ხუან ბაუტისტა მაჰიქესი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს“,- აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.