ირაკლი შატაკიშვილი - გერმანელ ხალხს პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის მივცემთ საშუალებას, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს
ირაკლი შატაკიშვილი - გერმანელ ხალხს პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის მივცემთ საშუალებას, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს

იმედს გამოვთქვამთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების საკითხი გაირკვევა, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იქნება და არა პოლიტიკური დემარში, რომლის მცდელობაც შეიძლება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან გერმანულ მხარესთან საკითხზე კომუნიკაცია სხვადასხვა არხით იყო, თუმცა საპასუხოდ სხვადასხვა მიზეზი სახელდებოდა.

„ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსასარგებლოობისა და პატივისცემის პრინციპს. ჩვენ ამ ქმედებებსა და მონაცემებზე დაყრდნობით ვერც პატივისცემას და ვერც ურთიერთსარგებლობას ვერ ვხედავთ. გადავამოწმეთ რა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდი, ვნახეთ, რომ ისეთ ქვეყნებიც კი, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი და სხვა არადემოკრატიული ქვეყნები, მათი პროფილები განახლებულია, საქართველოსი კი – არა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან დღემდე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით, ზეპირსიტყვიერად, საელჩოს მეშვეობით, სატელეფონო საუბრებით და ოფიციალური ნოტებით მივმართავთ, თუმცა სახელდება სხვადასხვა მიზეზი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ევრობიუროკრატების მიერ წარმოებულ იმ დიდ კამპანიასთან, რომლის ნაწილი და ერთ-ერთი კომპონენტი, შეიძლება, სწორედ ეს ქმედება იყოს. ამ კამპანიის ნაწილია საქართველოში გერმანიის ელჩი. ჩვენ გერმანელ ხალხს პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის მივცემთ საშუალებას, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს საკითხი გაირკვევა და მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იქნება და არა პოლიტიკური დემარში, რომლის მცდელობაც შეიძლება ჰქონდეთ – ჩრდილი მიაყენონ ქართველი და გერმანელი ხალხის ამ ორასწლიან ურთიერთობას“, – განაცხადა შატაკიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გერმანულ მხარეს ვერბალური ნოტით მიმართავენ და საქართველოს სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციის განახლებას მოითხოვენ.

„საგარეო მიმართულებით სამუშაო პროცესს წარმოადგენს მონაცემების გადამოწმება, რომელ პლატფორმაზე და რომელ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე საქართველოს შესახებ რა ინფორმაციაა. ჩვენ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვნახეთ, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლებული არ არის. ილია დარჩიაშვილი ჯერ კიდევ მითითებულია საგარეო საქმეთა მინისტრად, რომელიც ახლა უკვე საქართველოს ელჩია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. საქართველოს პრეზიდენტად არა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია მითითებული მიხეილ ყაველაშვილის სახით, არამედ ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პოლიტიკურ პროცესთან საერთოდ კავშირი არ აქვს.

როგორც საჯარო ინფორმაცია, გექნებოდათ შესაძლებლობა სადეპუტატო კითხვაზე პასუხი გენახათ. ბოლო კომუნიკაციის შემდეგ, რომელიც მარტში შედგა, გერმანული მხარისგან პასუხი იყო გაცემული, რომ ოთხი კვირის ვადაში პასუხი გაეცემოდა. სტანდარტული პასუხია, რომელსაც ჩვენ 2024 წლის შემდეგ დღემდე ვისმენთ. დაველოდებით კიდევ, როგორც ჩემს სადეპუტატო კითხვაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან პასუხს ვკითხულობთ, განსხვავებულად კიდევ ვერბალური ნოტით მივმართავთ და მონაცემების განახლებას მოვითხოვთ“, – განაცხადა შატაკიშვილმა.