ირაკლი სესიაშვილი - ზოგიერთი მოსამართლე ჩემთვის მიუღებელია და მათ მიმართ პოზიციას ღიად დავაფიქსირებ
ირაკლი სესიაშვილი - ზოგიერთი მოსამართლე ჩემთვის მიუღებელია და მათ მიმართ პოზიციას ღიად დავაფიქსირებ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

სესიაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებსაც მხარს არ უჭერს.

ამასთან, სესიაშვილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო, საქმეების განხილვა დროში იწელება, რის გამოც საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობის დამტკიცება.

„თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაანალიზებთ თემას, რომელიც მოსამართლეების არჩევას უკავშირდება. ზოგიერთი მათგანი ჩემთვის მიუღებელია. მათ მიმართ საკუთარ პოზიციას ღიად დავაფიქსირებ. იცით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა ძალიან მცირეა და ექვსი ათასი საქმე განხილვის მოლოდინშია. ამ ნაწილშიც მოგვიწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობის დამტკიცება, რომლებიც მოქალაქეთა საქმეებს განიხილავენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.

დატოვე კომენტარი