ირაკლი სესიაშვილი - ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ საერთო ინტერესები იპოვეს
ირაკლი სესიაშვილი - ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ საერთო ინტერესები იპოვეს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გაიმეოროს და განმარტოს, მისი იდეა რაში მდგომარეობს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება გაუკვირდა.

„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.  „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.