ირაკლი სესიაშვილი - ვახტანგ გომელაურისგან ​სპეცოპერაციაზე არსებულ კითხვებზე პასუხები მივიღეთ
ირაკლი სესიაშვილი - ვახტანგ გომელაურისგან ​სპეცოპერაციაზე არსებულ კითხვებზე პასუხები მივიღეთ

მსოფლიოში 100 პროცენტით დაცული საზღვარი არ არსებობს, საზღვარი არ არის ცალმხრივი, ის ორმხრივია, – ეს განცხადება ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურისგან 22 ნოემბრის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ნდობის ჯგუფის წევრებმა პასუხები ​მიიღეს.

„გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებას აქვს თავისი ინტერესები, ხდება სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება. ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან სხვადასხვა ექსპერტიზის უზრუნველყოფაში. საერთო ჯამში, სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია და ჩვენ ამ მხრივ არსებულ კითხვებზე პასუხი მივიღეთ. თუმცა, გამოძიებას აქვს თავისი მიმართულებები, ამიტომ ჩვენ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ. უკვე შემდგომი ღონისძიებები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დადგინდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც გვაინტერესებს. რაც შეეხება საზღვრის გადმოკვეთას, მსოფლიოში ასი პროცენტით დაცული საზღვარი არ არსებობს, ეს პრობლემა ყველას უდგას, საზღვარი არ არის ცალმხრივი, საზღვარი ორმხრივია. მიუხედავად ამისა, ჩვენ სხვაზე აპელირებას ვერ მოვახდენთ, დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენი საზღვარი მაქსიმალურად დაცული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. ამიტომ დღეს საუბარი იყო ასევე იმაზეც, თუ რა მხრივ შეგვიძლია ნაბიჯები გადავდგათ. მათ შორის ეს შეეხება საზღვრის გაძლიერებას, ოპერატიულ მოქმედებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციას და მთელი რიგი მიმართულებით არსებობს საკითხები, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. მთავარია, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის და უკვე ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე საერთო დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.