ირაკლი სესიაშვილი - უტიფარმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მხარდამჭერებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა აიღონ იმ ზიანზე, რაც პოლიციელებს, მოქალაქეებსა და ქვეყანას მიაყენეს
ირაკლი სესიაშვილი - უტიფარმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მხარდამჭერებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა აიღონ იმ ზიანზე, რაც პოლიციელებს, მოქალაქეებსა და ქვეყანას მიაყენეს

უტიფარმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და საკუთარ მხარდამჭერებს, ძალადობისა და სადღაც შეჭრისკენ ასე მარტივად რომ მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ. კერძოდ, იმ ყველა ზიანზე, რაც მიაყენეს პოლიციელებს, ასევე მოქალაქეებსა და ქვეყანას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ყველამ დაინახა, რომ გუშინ ადგილი ჰქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას – ღობე მოანგრიეს და ქვები ესროლეს პოლიციელებს.

„იყო მცდელობა, რომ შენობაში ძალადობით შეჭრილიყვნენ, რა დროსაც პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებდა. მიკვირს, როცა უტიფარი პოლიტიკოსები განცხადებას აკეთებენ, რა მოხდა, შესულიყვნენო. ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ გააზრებული არ აქვთ – როცა ამ ქვეყნის კანონის უზენაესობაა და როცა კანონი ირღვევა, სახელმწიფო შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველა ძირითად პრინციპს უგულველყოფს, რაზეც ქვეყანა დგას – ეს არის კანონი, უსაფრთხოება და სტაბილურობა. მათ სწორედ ეს აწუხებთ. რაც ვნახეთ, ეს იყო ადეკვატური და პროპორციული მოქმედება პოლიციის მხრიდან. თუ ვინმე დაშავდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა სესიაშვილმა.