ირაკლი სესიაშვილი - სტუდენტს თუ სურვილი გაუჩნდება, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სტუდენტობის პერიოდში გაივლის და ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება
ირაკლი სესიაშვილი - სტუდენტს თუ სურვილი გაუჩნდება, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სტუდენტობის პერიოდში გაივლის და ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება

კანონპროექტის მიხედვით, თუ სტუდენტს სურვილი გაუჩნდება, მას აქვს შესაძლებლობა და უფლება, დაცვის პოლიციაში იყოს გაწვეული ერთი წლის ვადით, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„წვევამდელების მხრიდან ამ უწყების მიმართ მიმზიდველობა გაცილებით მეტია და წვევამდელებისთვის ეს რომ გავათავისუფლოთ, ეს შევთავაზე. სტუდენტი სამ დღეში ერთხელ იმსახურებს. თავის მხრივ, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული ვართ და ეს უწყება ხელს შეუწყობს, მისი სასწავლო პროგრამა შესაბამისად გადანაწილდეს. ეს სტუდენტი დამატებით მიიღებს 250 ლარს, ანუ 200 ლარს ხელზე, რაც მისთვის, როგორც სტუდენტისთვის, შეიძლება, დამატებითი შემოსავალი იყოს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ეს ინიციატივა სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა და ამით ყველა სტუდენტის პრობლემა მოგვარდება, რადგან თუ მათ სურვილი ექნებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სტუდენტობის პერიოდში გაივლიან და სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თუ წვევამდელთა გაწვევის ძალიან სერიოზული დეფიციტი აღმოიფხვრება, რაც „გირჩის“ შეთავაზების გამო წარმოიქმნა და „გირჩის“ პრობლემა მოგვარდება, ის საზოგადოებას და პირველ რიგში, პარლამენტს სთავაზობს, დასაქმებული ადამიანების წახალისებაზე მსჯელობა დაიწყოს.

„თუმცა, ამასაც გარკვეული ფორმა და შინაარსი უნდა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, მივალთ იმ მოცემულობამდე, რომ თუ სწავლობ, ოჯახი გყავს, მუშაობ და ა.შ, შენ არ მოგწყვიტავ დროებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის. თუ შენ ასე ვთქვათ, არაფრით არ ხარ დაკავებული, მაშინ დარჩა ის, რომ ემსახურო ქვეყანას, რომელიც ასევე სამსახურია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ზოგადად ვალდებულება რთულად აღსაქმელია საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თავისუფლებაში გაიზარდნენ.

„ქვეყანაში არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც ქვეყანას სჭირდები, როგორც მოქალაქე. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 21-ე საუკუნეა და მინდა, მარტო ჩემს თავს ვეკუთვნოდე, არ მინდა ჯარი, არ მინდა სწავლა, არაფერი არ მინდა და მინდა, თავისუფალი ვიყო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.