ირაკლი სესიაშვილი - შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ისეთი საქართველო სურთ, რომელიც ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ
ირაკლი სესიაშვილი - შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ისეთი საქართველო სურთ, რომელიც ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ

მესმის, რომ შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ძლიერი და ისეთი საქართველო სურთ, რომელიც მკაფიო და ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში არანაირი ცვლილება არ შესულა, იმაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ეს არის ერთ-ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელსაც სურდა, ამ პროექტში შესულიყო მსგავსი სახის ცვლილებები, რაც ვერ მოახერხა.

„ეს ყველაფერი მხოლოდ ანგარიშშია ნახსენები და არანაირად უკავშირდება კანონპროექტს. ნებისმიერ კონგრესმენს აქვს ინიცირების უფლება, რომ პროექტში ცვლილება შეიტანოს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ „ფრონტერას“ გარკვეული კონგრესმენები ლობირებენ და გასაკვირი არც ამ მიმართულებით არის. სწორედ მათი ინიციატივა იყო ის ცვლილება, რაც წარმოდგენილი იყო. ამერიკასა და საქართველოს შორის ვხედავ ძალიან მაღალი დონის გამოკვეთილ, მტკიცე პარტნიორობას, სადაც აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ცხადია, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ცალკეული კონგრესმენების სურვილი, მათ შორის დაფუძნებული ლობიზმზე, მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მხრიდან. მესმის, რომ შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ძლიერი და ისეთი საქართველო სურთ, რომელიც მკაფიო და ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. ის, რომ „ფრონტერას“ კონკრეტული კონგრესმენები ლობირებენ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ის, რომ ქართული მხარე ითხოვს „ფრონტერასგან“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვებას, რამდენადაც სახელმწიფო არის მართალი, ამაზე კომპანია არ თანხმდება. როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.