ირაკლი სესიაშვილი - შალვა თადუმაძე გამოირჩევა როგორც მენეჯერული თვისებებით, ასევე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით
ირაკლი სესიაშვილი - შალვა თადუმაძე გამოირჩევა როგორც მენეჯერული თვისებებით, ასევე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზეც გაუწევდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სესიაშვილმა განუცხადა, შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე ჰკითხა და მან ეს გადაწყვეტილება მოუწონა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ძალიან დიდი პატივია ისევე, როგორც გენერალური პროკურორობა და თუ შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ თავის უნარ-ჩვევებს ამ რანგში უკეთ გამოავლენს, ეს მისი არჩევანია.

„თუ მკითხავენ, მას რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც გავუწევდი. ის გამოირჩევა როგორც მენეჯერული თვისებებით, ასევე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. არ არსებობს, საქმე ბოლომდე არ მიიყანოს და ერთგული და სამართლიანი არ იყოს”, – აცხადებს სესიაშვილი.

დეპუტატი ამბობს, რომ მას და თადუმაძეს ერთად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

„არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართალი და თავისუფლება“ ერთად ავამუშავეთ, რომლის ფარგლებში თადუმაძე რამდენიმე პროექტის კოორდინატორი იყო. თადუმაძე პროფესიონალი და საკუთარი საქმის ერთგულია. ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. როცა სამხედრო მოსამსახურეების უფლებებს ერთად ვიცავდით, ბევრი წარმატებული საქმე შევასრულეთ და მიხარია, რომ შალვამ გადაწყვიტა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს იმდენად, რამდენადაც მიმაჩნია, რომ არის სამართლიანი, პროფესიონალი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას შალვა თადუმაძემ განმარტა, თუ რატომ არიან მისი რეკომენდატორები ირაკლი სესიაშვილი, მაია ცქიტიშვილი და კობა კობალაძე.

მისი თქმით, რეკომენდატორების ნაწილში, სამივე ადამიანმა მისი კვალიფიკაცია ზუსტად იციან.

დატოვე კომენტარი