ირაკლი სესიაშვილი - საქართველოში რომ პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ფაქტია, ხოლო იმ პირების უკან, რომლებსაც ოპონენტები ასახელებენ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოში რომ პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ფაქტია, ხოლო იმ პირების უკან, რომლებსაც ოპონენტები ასახელებენ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას

ის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ფაქტია, ხოლო იმ პირების უკან, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმე, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღნიშნული საქმეებით არის დაინტერესებული, სახელმწიფო მზადაა, მათ დეტალური ინფორმაცია გააცნოს.

„მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის პირდაპირი მცდელობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას და იყენებდნენ მართლმასჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იგივეს გვთხოვენ ჩვენ. ჩვენი პასუხია, რომ ვთანხმდებით საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში და ეს არის ხელმოწერილი, ასევე ხელმოწერით დადასტურებულია, ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. რა პროცესსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის ამის საწინააღმდეგო, უწყების პოლიტიზირება ხდება და შეთანხმების არშესრულების სურვილი აქვთ.მათ კარგად იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მან ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, შეასრულონ შეთანხმება, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო თავი დაანებონ მოსახლეობის მოტყუებას, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ამ ფორმით საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

„თუ რაიმე განცხადებებს ვისმენთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ეს ჩვენთვის ყურადსაღებია, მაგრამ არსებობს მათი ობიექტური, თუ სუბიექტური შეხედულებები. შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, მაგრამ მთავარია, კანონის უზენაესობა უნდა დავიცვათ და იმ ფასეულებების ერთგული ვიყოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მართლსაჯულებაში არანაირი პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, რაზეც შევთანხმდით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.