ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას გააძლიერებს, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას გააძლიერებს, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი The Washington Times-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამოქვენებულ სტატიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აქტუალურია.

სესიაშვილის განცხადებით, ამ წერილით და შემდეგ პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება თავის ძალისხმევას გააძლიერებს, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

„ყველა იმ სახელმწიფო ლიდერს მადლობას ვუხდი, რომელმაც მაღალ ტრიბუნაზე საკითხი დააყენა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის და ამისთვის სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგან. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება კარგი იყო „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებული წერილის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი რეგიონთან მიმართებაში სამხედრო-პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხაზს უსვამს. ეს მართლაც ასეა. საქართველო მზად არის, ნატო-ს წევრობისთვის. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ ჩვენი ინტერესი არ არის. აქ არის ნატო-ს დიდი ოჯახის საერთო ინტერესი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გადადგმული მშვიდობიანი ნაბიჯები. ჩვენთვის ეს იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი, არამედ ერთგვარი ბიძგი, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და თავისი შესაძლებლობები გაათმაგოს, რამდენადაც ნატო-ს წევრობა უსაფრთხოებას ნიშნავს და ინვესტორებისთვის ასეთი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.