ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს აღიარება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს აღიარება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი წარმატებაა

ის რომ საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას. განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებმა თავი იგრძნონ დაცულად და მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უზრუნველყონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება.

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს არის საფუძველი უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა და მეტი ტურისტის ჩამოსვლის. მისი თქმით, ყოველივე ეს ეკონომიკის მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე, ირაკლი სესიაშვილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჭკვიანი კამერების სისტემის დანერგვაზეც ისაუბრა.

„ეს მართლაც უნიკალური სისტემაა, რომლის დანერგვაზე მხოლოდ ეხლა დგამენ ნაბიჯებს ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩვენ გვეამაყება ჩვენი პოლიციელების ღირსეული სამსახური ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დაცულობისთვის, თუმცა ამასთანავე, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ და განვამტკიცოთ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. ყველას გვესმის რომ ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების პარალელურად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მხრივ ასევე მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შევძლებთ. მე ვთხოვ საზოგადოებას, რომ როგორი მკაცრებიც ვართ პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომების მიმართ, ისეთივე შემართებით გვქონდეს გააზრებული , რომ თითოეული პოლიციელი ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად გვიცავს ჩვენ და რომ პოლიციის ავტორიტეტი და იმიჯი ჩვენი დაცულობის და ურთიერთნდობის საწინადარია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.