ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია
ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება და ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება ნატო-ს წევრი.

ჟურნალისტებთან საუბარში სესიაშვილი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან.

საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მისი მოსაზრება არსებობს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე. ანუ, შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, თუმცა მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს ისე, როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად. ამ თემაზე ოფიციალური განხილვა არასოდეს ყოფილა, ეს არის მხოლოდ ექსპერტების მოსაზრება, ეფუძნებიან რა გამოცდილებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობით გახდება ნატო-ს წევრი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  მიმდინარეობს, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.