ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატო-ს წევრი გაერო-ს მიერ აღიარებულ საზღვრებში გახდება
ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატო-ს წევრი გაერო-ს მიერ აღიარებულ საზღვრებში გახდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-ს წევრი დე-იურე საზღვრებში გახდება, რომელიც გაერო-ს მიერ აღიარებულია.

პირველ არხთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არანაირი კულუარული ან სხვა ტიპის საუბარი და მსჯელობა არ არსებობს და არ იქნება, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეიძლება რაიმე სახის ცვლილებით მოხდეს.

„საქართველო ნატო-ს წევრი დე იურე საზღვრებით გახდება, რაც თავის მხრივ, ძალიან ძლიერი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ არსებული ოკუპაციის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზებით მოხდეს. ჩვენს სიძლიერესა და უსაფრთხოებაზე ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია”, – აღნიშნავს სესიაშვილი.

კითხვაზე, ქართული მხარის მხრიდან იყო თუ არა კომპრომისებზე საუბარი, სესიაშვილი პასუხობს, რომ ამ თემაზე საუბარი გამორიცხულია.

„ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და გამოიცხულია, რომ ამ მიმართულებით რაიმე ტიპის მსჯელობა იყოს, რადგან საქართველო ნატო-ს წევრი დე იურე საზღვრებში გახდება, რომელიც გაერო-ს მიერ აღიარებულია. ნარატივი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი შეიძლება აფხაზეთის ან ცხინვალის გარეშე გახდეს, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომლის პირობებშიც რუსეთი კონფლიქტებს ჩაეჭიდება იმისათვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდეს. ამიტომ, პირიქით ვამბობთ, რომ საქართველო დეიურე საზღვრების ფარგლებში ნატო-ს წევრი გახდება, თუ დეოკუპაცია მანამდე არ მოხდება”, – აცხადებს დეპუტატი. 

ამასთან, სესიაშვილი ირწმუნება, რომ ნატო-ს წარმომადგენლების მხრიდან კომრომისის თაობაზე მოსაზრება არასოდეს გაჟღერებულა.

„არასოდეს ყოფილა არც შემოთავაზება და არც მსჯელობა, არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე. რაც შეეხება პუბლიკაციას, როდესაც აკადემიურ წრეებზე ვსაუბრობთ, რომლებიც სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ, მათი კულუარული საუბრები ოფიციალურ პოზიციებს არ ეხება. ცხადია, რომ აკადემიურ წრეებში სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი, თუმცა ოფიციალურ დონეზე, ასეთი მიდგომა ვერ იქნება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი დე იურე საზღვრებში გახდება. სამწუხაროდ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ყოველთვის დაცული იქნება. სხვა საზღვრები არ არსებობს, ერთი საზღვარი არსებობს, რომელიც გაერო-ს მიერ აღიარებულია და რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ცნობს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე დათანხმდნენ.

დატოვე კომენტარი