ირაკლი სესიაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ საქმიანობას ეფექტიანად წარმართავს
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში ძალიან საინტერესო და ინფორმაციულიაა.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, უწყების მთავარი ამოცანა ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.
მისი თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია ყველა გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას და იმ ღონისძიებებზეც არის საუბარი, რაც გატარდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა მიმართულებით აქტიურად მოქმედებდა, მათ შორის ოკუპაციის, კონტრდაზვერვისა და კორუფციის. ეს უწყება საკუთარ საქმიანობას ეფექტიანად წარმართავს და ეს აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ“, – აცხადებს სესიაშვილი.
დეპუტატის ცნობით, იქედან გამომდინარე, რომ სუს-ის საქმიანობის ძირითადი ნაწილი საიდუმლო ოპერატიულ მუშაობას ეხება, ანგარიში, როგორც თავდაცვის კომიტეტში, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება, მას შემდეგ, რაც ახალი ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება.
„ანგარიშს დახურულ რეჟიმშიც განვიხილავთ, თუ რა ღონისძიებები გაატარეს. ეს განსაკუთრებით ეხება ჰიბრიდულ გამოწვევებს, ოკუპაციასა და კონტრდაზვერვას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პარლამენტს 2018 წლის ანგარიში წერილობითი ფორმით წარუდგინა. საპარლამენტო და სასესიო განხილვისას კი, დოკუმენტს სავარაუდოდ, უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.