ირაკლი სესიაშვილი - საერთო მიზანია, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და საზოგადოების ინტერესები ადეკვატურად დავიცვათ
ირაკლი სესიაშვილი - საერთო მიზანია, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და საზოგადოების ინტერესები ადეკვატურად დავიცვათ

დარწმუნებული ვარ, პრობლემას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვეტთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

„ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ერთი მხრივ, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დავიცვათ, ვისთანაც კრიტიკულად პრობლემატური საკითხები არ გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, დავიცვათ საზოგადოების ინტერესები ადეკვატურად. დარწმუნებული ვარ, პრობლემას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვეტთ. პრობლემა წლების მანძილზე არსებობდა, სამწუხაროდ, დღესაც არსებობს, რადგან საზღვრის დემარკაცია არ დასრულებულა, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ორივე სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დავით გარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ოთხი დღის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდათ. მონასტერთან მისასვლელი გზა 26 აპრილს დილიდან გაიხსნა.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე სასულიერო პირები და მომლოცველები თავისუფლად გადაადგილდებიან.