ირაკლი სესიაშვილი - საარჩევნო პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ელემენტების ზრდის რისკი არსებობს, მაგრამ ჩვენი რესურსის მობილიზება უნდა მოვახდინოთ
ირაკლი სესიაშვილი - საარჩევნო პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ელემენტების ზრდის რისკი არსებობს, მაგრამ ჩვენი რესურსის მობილიზება უნდა მოვახდინოთ

პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი პასუხია, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით.

სესიაშვილის თქმით, სიახლე არავისთვისაა, რომ რუსეთი საქართველოს დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება.

„ის, რომ რუსეთი საქართველოს დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება, სიახლე არავისთვის არ არის. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები ჰიბრიდული ომის თაობაზე ინფორმაციას ფლობენ, კონტრზომებსაც ვატარებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენისას ვინტერესდებით რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული აგრესიისა და კონკრეტული მოქმედებების თაობაზე. თვალყურს ვადევნებთ, როგორ პასუხობს ამას სახელმწიფო. არჩევნების დროს ასეთი აგრესიული რისკების ალბათობა იზრდება. მით უმეტეს, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს და ამის კონკრეტული მაგალითებიც გვაქვს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები ამ ინფორმაციას ფლობენ და კონკრეტულ ელემენტებზე სათანადო ზომებს ითვალისწინებენ. პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი პასუხია ის, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. დასავლეთის მხრიდანაც ჩვენი მხარდაჭერა არის სწორი ნაბიჯი პროპაგანდაზე და ასეთ ჰიბრიდულ გამოწვევებზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმები და ჰიბრიდული ომის ელემენტები მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ცივილური სამყაროსთვის.

„ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უმკლავდება. ამ თვალსაზრისით პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. რისკი იმისა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ გაიზარდოს ჰიბრიდული ომის ელემენტები საარჩევნო პერიოდში, არსებობს, მაგრამ ჩვენი რესურსის მობილიზება უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სახელწოდებით – „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“ ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული,  საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთი ჩაერია დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში და სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს 2020 წელსაც, წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი ცდილობს, შეაფერხოს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.