ირაკლი სესიაშვილი - რუსეთთან ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია, თუ რუსეთი თვლის, უნდა აღდგეს, ეს მისი გადასაწყვეტია
ირაკლი სესიაშვილი - რუსეთთან ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია, თუ რუსეთი თვლის, უნდა აღდგეს, ეს მისი გადასაწყვეტია

რუსეთთან ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია, თუ რუსეთი თვლის, უნდა აღდგეს, ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

სესიაშვილის თქმით, საქართველოში რუსოფობია რომ არ არის და არც არასდროს ყოფილა, ამის ყველაზე კარგი მსაზღვრელები რუსი ტურისტები არიან, რომლებიც ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ქვეყანას მაინც სტუმრობენ, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას, წესრიგს ენდობიან და თავს გრძნობენ, როგორც ღირსეული ტურისტები ისევე, როგორც ყველა.

„რუსოფობიის თემა არაადეკვატურია. რაც შეეხება ფრენების აღდგენის საკითხს, ჩვენ არ გაგვიუქმებია, ვინც გააუქმა, თუ თვლის, უნდა აღდგეს, ეს მისი გადასაწყვეტია. ეს შეცდომა იყო, არც უნდა გაეუქმებინათ. ერთია, კრემლის ნარატივი და მეორეა, მათი ქმედებები. თითქოს, პოზიტიურ განცხადებებს ვისმენთ, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ვხედავთ, მავთულხლართების პროცესის გაგრძელებას, ემბარგოებს. სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროსა და ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის პოლიტიკის მიმართ საკმარისი ნდობა არ აქვს. ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ საქართველოს ოკუპაციას ახდენს, თუმცა ამას სხვანაირად ფუთავს, თითქოს, მეზობლებთან მშვიდობიან პოლიტიკას უსვამს ხაზს, თუმცა აშკარად იგრძნობა აგრესია და ე.წ. ინტერესების გატარება, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ფრენის აღდგენა და ეკონომიკური ურთიერთობა კარგი იქნებოდა, კრემლის იმპერიალისტური რიგით ადამიანებს არ უნდა ეხებოდეთ”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა.