ირაკლი სესიაშვილი - რუსეთი ევროპის საბჭოს მინისტრიალზე თუ ისეთ წარმომადგენელს გააგზავნის, ვისაც კანონი დარღვეული ექნება, ეს მათი მხრიდან პროვოკაცია იქნება
ირაკლი სესიაშვილი - რუსეთი ევროპის საბჭოს მინისტრიალზე თუ ისეთ წარმომადგენელს გააგზავნის, ვისაც კანონი დარღვეული ექნება, ეს მათი მხრიდან პროვოკაცია იქნება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ისეთ წარმომადგენელს გააგზავნის, ვისაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული ექნება, ეს მათი მხრიდან პროვოკაცია იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებს აწყობთ.

„სახელმწიფოს სურს, რომ ღონისძიება ჩაატაროს და შედეგიანი იყოს. რუსეთი არის ოკუპანტი. მისმა წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვისაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს, ჩვენი სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს. ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, ეს საქართველოსთვის პატივია და მინისტრთა კომიტეტი არის პრესტიჟული ღონისძიება. ცხადია, თბილისში ჩატარდება. საორგანიზაციო საკითხებზე ევროპის საბჭოსთან ვმუშაობთ. ვისურვებდი, რომ თუ რუსეთი თავის წარმომადგენლებს გამოაგზავნის, მათ „ოკუპაციის კანონი“ არ ჰქონდეთ დარღვეული. ოპონენტებს გაცხადებული აქვთ, რომ თუ ასეთი პირი ჩამოვა, ეს მათ მორიგ პოლიტიკური გამოხატვის საშუალებას მისცემთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.