ირაკლი სესიაშვილი - პროტესტს ვერავინ აკრძალავს, მთავარია, პროკურატურამ ჭეშმარიტება მოჰფინოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს
ირაკლი სესიაშვილი - პროტესტს ვერავინ აკრძალავს, მთავარია, პროკურატურამ ჭეშმარიტება მოჰფინოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს

ყველასთვის მთავარია, რომ პროკურატურამ გააგრძელოს მუშაობა და ჭეშმარიტება მოჰფინოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ ვინმეს ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა საჭიროა, ამას ვერავის ავუკრძალავთ.

„არ მეგულება ერთი ადამიანი, ვისაც არ სურდეს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და თუკი არსებობს ფიქრი იმისა, რომ გარდა დაპატიმრებულებისა არსებობენ ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღეს მკვლელობაში მათ ასევე პასუხი აგონ, მგონი ამ მიდგომაზე ყველა ვთანხმდებით.

პროკურატურის მიმართ არ ჰქონდა ნდობა გარკვეულ პირთა ჯგუფს, ამიტომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ამიტომ დაუთმო „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიას. საგამოძიებო კომისიამ როგორ იმუშავა, კარგად დავინახეთ. ფაქტობრივად, გარდა პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნისა, მათ ახალი ვერაფერი თქვეს. სამწუხარო რეალობაა, თუკი ნებისმიერი ადამიანი თვლის, რომ აქ კიდევ საჭიროა პროტესტი, რომელსაც ვერავინ აკრძალავს, ჩვენთვის მთავარია, რომ პროკურატურამ გააგრძელოს მუშაობა და ჭეშმარიტება მოჰფინოს ამ საქმეს“,- განაცხადა სესიაშვილმა.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან აქციებს გეგმავენ. დღეს აქცია პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზეა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი