ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე - მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავონ
ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე - მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავონ

მე თუ რამე არ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ქვა უნდა გესროლოთ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პანკისის ხეობაში, გუშინ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე საჭიროა წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება. ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, კანონის დამრღვევს პასუხი უნდა მოეთხოვოს და დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

„მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ამას სჭირდება გამოძიება და დადგენა, რას რა მოჰყვა. ფაქტია, რომ პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოების მიზნით, იქ 35 ადგილობრივი პოლიციელი იყო ჩასული. მათ თავისი ძალა მოსახლეობის მიმართ არ გამოუყენებიათ. პირიქით, სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა პროტესტის არასწორი ფორმით გამოხატვას გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სპეცრაზმის ჩართვის აუცილებლობა გამოიწვია.
გარდა იმისა, რომ კომპანია მოსახლეობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას თუ რას სთავაზობდა, ვიცე-პრემიერით დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოსახლეობასთან მუდმივად მიმდინარეობდა კომუნიკაცია და ხდებოდა აზრთა გაცვლა ამ პროექტის ღირებულებებთან თუ რისკებთან დაკავშირებით. მოსახლეობა ამ მხრივ ინფორმირებული იყო, თუმცა რა გახდა უშუალოდ ამ ჯგუფის მიერ აგრესიის გამოვლინების საფუძველი, ეს ის კითხვაა, რომელზეც გამოძიებამ შეიძლება გაგვცეს პასუხი.

თუ ვსაუბრობთ, რომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო მათ შორის გულისხმობს, რომ ეს უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ვინმემ რამე კანონი დაარღვია, მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს და დაისაჯოს კანონის შესაბამისად. მე თუ რამე არ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ქვა უნდა გესროლოთ. თუ თქვენ რამე არ მოგწონთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გადაწყვეტილება არის სწორი. არსებობს გონიერების ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ასე მე არ მომწონს, ეს არ უნდა განხორციელდეს და მერე ქვა უნდა ვისროლო, ეს სახელმწიფო წინ ვერასდროს ვერ წავა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.