ირაკლი სესიაშვილი ოთარ კახიძეს პასუხობს - მესმის, რომ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ, ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, პარტნიორებს ჰკითხეთ და თქვენი პოლიტიკური წარსულის საგმირო ამბებს მოგიყვებიან
ირაკლი სესიაშვილი ოთარ კახიძეს პასუხობს - მესმის, რომ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ, ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, პარტნიორებს ჰკითხეთ და თქვენი პოლიტიკური წარსულის საგმირო ამბებს მოგიყვებიან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ კახიძის კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახსოვს 20 ივნისი, რომელიც, მისივე შეფასებით, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა, რადგან ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს.

თუმცა, მისივე თქმით, ასევე, სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასაშვებია, სამი საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში სცემდე და შტურმს ახორციელებდე.

„ოთარ კახიძეს მივმართავ, ბატონო ოთარ, თქვენ კითხვა დაუსვით პრემიერს, რომ 20 ივნისი თუ გახსოვთო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრემიერი ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მაგრამ მეც მინდა, გიპასუხოთ, რადგან პოლიტიკური ოპონენტი ვარ თქვენთვის.

თქვენი პლურალიზმი ამაში მდგომარეობს, რომ მოსმენის უნარი არ გაქვთ? მე ვარ პარლამენტის წევრი და მეც მინდა, გიპასუხოთ, მახსოვს თუ არა და ნუ გეშინიათ, არაფერს ვამბობ ისეთს, რაც გულს დაგწყვეტთ.

მეც მახსოვს 20 ივნისი, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ძალიან მძიმე დღე. ძალიან ვწუხვარ, იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის პოლიციელებმა, მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები.

მაგრამ, ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები, მათ შორის თქვენნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია, 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში სცემდე, თურმე თქვენნაირი პოლიტიკოსებისთვის დასაშვებია, რომ შტურმით შემოხვიდეთ და ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეცვალოთ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, ოთარ კახიძეს პოლიტიკური ამნეზია აქვს.

„მე მესმის, რომ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით. თუ გინდათ, რომ ამ ამნეზიაზე იმკურნალოთ, ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონსა თქვენი პოლიტიკური წარსულის, თუ თქვენ არ გახსოვთ.

მაგრამ, მე მინდა, 20 ივნისი დაიმახსოვროთ, რომ თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტიპის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყანაში ძალადობით, რევოლუციური გზებით შეჭრა-შემოჭრა არასდროს არ გაგივათ კიდევ ერთხელ, პრემიერი თავის სიტყვას გეტყვით, მაგრამ მე, პირადად, ირაკლი სესიაშვილი, ძალიან ვწუხვარ 20 ივნისის გამო“,- აღნიშნა სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში, მთავრობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, რომ მას ანგარიშში 20 ივნისი არ უხსენებია.

კახიძე დაინტერესდა, გიორგი გახარიას ეს დღე დაავიწყდა თუ კალენდრიდანაც ამოშალა.