ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციას ისეთი არჩევნები უნდა, სადაც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს
ოპოზიციას ისეთი არჩევნები უნდა, სადაც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება. კარგად ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივები სახარბიელო არ არის იმ მხრივ, რომ ძალაუფლებაში მოვიდნენ და ამიტომ, სიტუაციის ესკალაციისკენ მიდიან, რათა უშუალოდ კულმინაციის წერტილში არჩევნების დემოკრატიულობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენონ, შარი მოსდონ ერთ, მეორე, მესამე მოდელს და დამოკიდებულებას. ეს რეალური საფრთხეა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით ლაპარაკობს, როცა კონკრეტულად რაღაცას ითხოვს, რაც მათ სასურველ პოლიტიკურ შედეგამდე ვერ მიიყვანს.
„როცა საერთაშორისო საზოგადოება დიალოგისკენ მოგვიწოდებს, ჩვენ კომპრომისულ ნაბიჯს ვდგამთ, ოპოზიციისგან კი რადიკალურ პოზიციას ვიღებთ. ისინი თავიანთ პოზიციას არ იცვლიან; მე ვიტყოდი, ულტიმატუმის ენით ლაპარაკობენ, როცა კონკრეტულ რაღაცას ითხოვენ, რაც რა თქმა უნდა, სასურველ პოლიტიკურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მთავარი თემა ისაა, რა არის ხელისუფლების პოლიტიკური მიზანი და რა ოპოზიციის.
„თუ ჩემი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის პოლიტიკური მიზანია, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ყველას ჰქონდეს, ეს თანხვედრაშია ცივილიზებულ დამოკიდებულებასთან, მაგრამ თუ ჩემი მოწინააღმდეგის პოლიტიკური მიზანი არის არა არჩევნების დღე, არამედ დესტრუქციული, დაძაბული ფონის შექმნა, რომ არჩევნების მეორე დღე თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს იმ ხერხებით, რაც მის პოლიტიკურ ცხოვრებაში აპრობირებულია, ანუ რევოლუციური გზა, ეს რა თქმა უნდა, ცივილიზებულ დამოკიდებულებას სცილდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შედეგით დასრულდა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის მოადგილესთან შეხვედრა და არსებობს თუ არა კომპრომისის შესაძლებლობა ამ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ევროპა და აშშ მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლარიზაციის გათვალისწინებით, საქართველოში პოლიტიკაში კონსენსუსის მიღწევა წარმოუდგენელია.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტ-ნაკლებად მივიდეთ იმ კომპრომისამდე, სადაც რაღაც უნდა დათმოს, როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორემ. დიალოგი ხომ ცალმხრივი არ არის. ჩვენ ოპოზიციას საკმაოდ კარგი კომპრომისული წინადადება შევთავაზეთ. ეს არის ფორმულა 100/50“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების სურვილია, არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და გარანტირებული იყოს თავისუფალი არჩევნები, რადგან ხელისუფლება ქვეყნის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი.
„ჩვენთვის მთავარი არის მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, სადაც მეტ-ნაკლები შეთანხმებით მივდივართ და ჯერ კიდევ ვაგრძელებთ დიალოგს იმისთვის, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ. ამ ეტაპზე, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.