ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიცია თავადაც კარგად ხედავს, რამდენად ეფექტურად მოქმედებს მთავრობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მათი განცხადება პოპულიზმის ნაწილია
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიცია თავადაც კარგად ხედავს, რამდენად ეფექტურად მოქმედებს მთავრობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მათი განცხადება პოპულიზმის ნაწილია

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიც არის, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ისინი უკავშირებენ ეკონომიკურ პროგრამას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისა და ეკონომიკური გეგმის შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების ფონზე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია და საპარლამენტო უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას სრულად დაუჭერს მხარს.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, მზარდია „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რიცხვი. შესაბამისად, ლოგიკურია და სრული პასუხისმგებლობით საჭიროა, გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტი, პრემიერი ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი სავარაუდოდ 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს. რა თქმა უნდა, მას ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია რეალურად პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიც არის, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ისინი უკავშირებენ ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავად ძალიან კარგად ხედავენ, მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების, გამოწვევების მიმართულებით. სამი მილიარდი დოლარი უკვე არის მობილიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ასევე სოციალური მიმართულებით დაიხარჯება. ამდენად მათი ეს განცხადება უფრო პოპულიზმის ნაწილია, ვიდრე რეალობის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია და ამას საზოგადოებაც მხარს უჭერს.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება. მანამდე პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის დეკრეტს გამოსცემს.