ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიცია დაინტერესებულია, საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ხელისუფლება ხისტია
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიცია დაინტერესებულია, საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ხელისუფლება ხისტია

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აინტერესებს, არა საპარლამენტო არჩევნების დღე, არამედ რევოლუციური გზა, რადგან ხვდებიან, რომ რეალური რეიტინგებით მათთვის სასურველ პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწევენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან არავითარი კონსტრუქციული მიდგომა არ იკვეთება, რასაც შეიძლება თავისი მიზანი ჰქონდეს.

„როცა კომპრომისზე ვსაუბრობთ, ამას თავისი შინაარსი აქვს. როცა მმართველი გუნდი კომპრომისზე მიდის და ოპოზიციის მოთხოვნებს ითვალისწინებს, საპირისპიროდ ახალ რადიკალურ მოთხოვნებს ვიღებთ, რაც ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებს სცილდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპონენტები დაინტერესებული არ არიან, ამ თვალსაზრისით კომპრომისულ შედეგზე მიღწევის. პირიქით, დაინტერესებული არიან, საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ხელისუფლება ხისტია. ეს ხდება მაშინ, როცა დიპლომატები კარგად ხედავენ, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდა, კომპრომისული ნაბიჯი გადადგმულია და წარდგენილია ის მოდელი, რაც მისაღებია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.