ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებს მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ, ისინი ძალადობის პროვოკატორები არაერთხელ ყოფილან და ამის ინსპირირებას ახდენდნენ
ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებს მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ, ისინი ძალადობის პროვოკატორები არაერთხელ ყოფილან და ამის ინსპირირებას ახდენდნენ

ჩვენი ოპონენტები ძალადობის პროვოკატორები არაერთხელ ყოფილან და ამ ძალადობის ინსპირირებას ახდენდნენ, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას.

მისი თქმით, „ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესშია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა, რაც შეიძლება მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“.

„ეს ნებისმიერი ხელისუფლების სურვილია და მით უმეტეს, „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც სხვა პარტიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. მმართველი გუნდის ინტერესია, რომ წინასაარჩევნო პროცესი ძალადობის გარეშე წარიმართოს. ოპონენტებს მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ. გარწმუნებთ, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და ნებისმიერი მოძალადის მიმართ უმკაცრესები იქნებიან. ჩვენი ოპონენტები ძალადობის პროვოკატორები არაერთხელ ყოფილან და ამ ძალადობის ინსპირირებას ახდენდნენ. პარლამენტის გარშემო არაერთი მოვლენა გაიხსენეთ, როცა აგრესიულად ხდებოდა პოლიციასა და ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმა. მათი განცხადებები ეფუძნება არა რეალობას, არამედ იმ პოლიტიკურ სურვილებს, რომელიც მათ გააჩნიათ. სახელმწიფოსა და ხელისუფლების სურვილი კი არის ის, რომ იყოს მშვიდობა და მით უმეტეს იმ ხელისუფლების, რომელსაც აქვს სერიოზული უპირატესობა ოპონენტებთან მიმართებაში. ოპონენტების ბრალდებები პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, – განაცხადა სესიაშვილმა.