ირაკლი სესიაშვილი - ოკუპანტების მხრიდან სასიკეთოს არაფერს ველოდებით, გრძელდება უკანონობა
ირაკლი სესიაშვილი - ოკუპანტების მხრიდან სასიკეთოს არაფერს ველოდებით, გრძელდება უკანონობა

ოკუპანტების მხრიდან ჩვენ სასიკეთოს არაფერს ველოდებით, სამწუხაროდ, გრძელდება უკანონობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამუშაოების განაახლეს საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხდება ე.წ. მავთულხლართების გავლება, რაც არის უკანონობა და არაჰუმანური მიდგომა ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში.

„ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია. ასევე, ჩართული არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს ყველაფერზე რეაგირება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტრუქტურების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩორჩანაში ქართველები გადავიდნენ, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყოველთვის მოქმედებენ კანონის ფარგლებში და ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით. თქვენ იცით, რომ სადამკვირვებლო მისიები მუდმივად არიან ადგილზე, მუდმივ კოორდინაციაში ვართ და ნებისმიერი ასეთი განცხადება მათი მხრიდან არის პროვოკაციის მატარებელი და მეტი არაფერი, რათა გადაფარონ საკუთარი უკანონობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

„ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.