ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ გმობს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ გმობს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას

ჩვენ ვცდილობთ, ერთი მხრივ, გავიკაფოთ გზა ნატოს წევრობისკენ და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე მუდმივად დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ლონდონში განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის ფორმატი, სადაც ერთ ენაზე ვსაუბრობთ, საერთო მიზანი გვაქვს. ეს არის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება. სადაც ჩვენ გვყავს ჩვენი მკაფიოდ გამოკვეთილი მხარდამჭერები, ჩვენი მეგობრები; სადაც ვახდენთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე დამყარებული პოზიციების კონსოლიდაციას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინა შეჯერებულად ახდენს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების დაცვას ოკუპანტებთან მიმართებით.

„აქ არის ძალიან მკაფიო პოზიცია და მხარდაჭერა მთლიანად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპაციას, რუსეთის მოქმედებებს, იმას, რომ რუსეთი ძალიან მძიმედ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამ მუდმივი სტაბილური პოლიტიკური პოზიციების ფარგლებში, თავისთავად ცხადია, ჩვენ ვცდილობთ, ერთი მხრივ, გავიკაფოთ გზა ნატოს წევრობისკენ და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე მუდმივად დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები“, – დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.

ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია დღეს პლენარული სხდომით დაიხურება.