ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ეს ჩანს აბსოლუტურად ყველა ანგარიშსა თუ რეზოლუციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრია.

ამასთან, სესიაშვილის შეფასებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ძალიან პრინციპული და ერთიანია, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხაზს უსვამს და გმობს რუსულ ოკუპაციას და მუდმივად აღნიშნავს სერიოზულ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

„აქ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ცხადია, ჩვენი აქ ჩამოსვლა და მუდმივად დღის წესრიგში ყოფნა არის საერთო ინტერესები, ნატო-ს და საქართველოს საერთო ინტერესებისკენ სწრაფვა – მშვიდობა, სტაბილურობა რეგიონში, ევროატლანტიკურ სივრცეში. მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბრიტანელ კოლეგებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.