ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს ურყევ მხარდაჭერას
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს ურყევ მხარდაჭერას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ადამიანების უფლებების საკითხებს ეხებოდა, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში.

მისივე თქმით, ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებით მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებელმა, დაეყრდნო რა საერთაშირისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ასამბლეამ საერთო სულისკვეთებით​ მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო საერთაშირისო მისიებში ჩართულობით რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორია.