ირაკლი სესიაშვილი - მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას
ირაკლი სესიაშვილი - მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას

მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიშზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან სერიოზულ ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს, რომლის შესახებ შეიძლება საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ პარტნიორები კარგად ხედავენ.

„ყოველდღიურ რეჟიმში ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება, როცა საქმე ეხება კონტრდასაზვერვო ან ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. კარგია, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე სწევს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.  დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.