ირაკლი სესიაშვილი - მამუკა ბახტაძეს ქვეყნის განვითარების მიმართულებები სწორად აქვს გააზრებული
ირაკლი სესიაშვილი - მამუკა ბახტაძეს ქვეყნის განვითარების მიმართულებები სწორად აქვს გააზრებული

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, მოულოდნელად სასიამოვნო იყო, რომ მამუკა ბახტაძემ ამბიციურ და საინტერესო რეფორმების სამთავრობო პროგრამა წარმოედგენა ძალიან მოკლე ვადაში შეძლო.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი მამუკა ბახტაძის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იმდენად მოკლე იყო, ასეთი სამთავრობო პროგრამის წარდგენას არ ელოდა.

„ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მამუკა ბახტაძეს ქვეყნის განვითარების მიმართულებები სწორად აქვს გააზრებული. რეფორმები იმ პრობლემების ანალიზს ეყრდნობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეფექტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, „მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის გახსნილი კანდიდატია, რაც პროცესს ეტყობა კიდეც“.

„გადაწყვეტილებები პარლამენტთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა, რაც რისკებს გვიმცირებს და შესაძლებლობებს ზრდის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება მაქსიმალურად დახვეწილი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპს თავისი გამოწვევა აქვს, რასაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი პროგრამებს წარმოადგენდნენ, ის იმ მოთხოვნებსა და გამოწვევებს ეფუძნებოდა, რაც იმ პერიოდში იყო. ეს მომწონს და მივესალმები, რადგან ქვეყანა არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, დემოკრატიულად ვითარდებოდა და ამას ის უპირატესობა აქვს, რომ ჩვენ რაღაც გეგმებს ხელოვნურად არ ვქმნით და ეს რეალობას ეფუძნება. გეგმები წარმატებით განხორციელდა, თუმცა უნაკლო და შეცდომის გარეშე არც ადამიანია, არც მთავრობა და არც ხელისუფლება. ჩვენ შეცდომას სწორად ვაფასებთ და ამაზე რეაგირებას ვახდენთ, რაც პოზიტივისა და ტენდენციის მანიშნებელია“, – განაცხადა სესიაშვილმა.