ირაკლი სესიაშვილი - მადლობა იენს სტოლტენბერგს მხარდამჭერი განცხადებებისთვის
ირაკლი სესიაშვილი - მადლობა იენს სტოლტენბერგს მხარდამჭერი განცხადებებისთვის

მადლობა იენს სტოლტენბერგს მხარდამჭერი განცხადებებისთვის, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გაჟღერდა.

„ჩვენი ქვეყნის წარმატებები მართლაც აღიარებულია მთელი რიგი მიმართულებით, განსაკუთრებით, თავდაცვის უსაფრთხოების სექტორში. ინტენსიურია თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებში. ძალიან პოზიტიური იყო ის მოლოდინები, რაც უკავშირდება საქართველოს ნატო-ში რეალურ ინტეგრაციას. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სტოლტენბერგს სერიოზული, მხარდამჭერი განცხადებებისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან  პროვოკაციებს აქვს ადგილი.

„საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩაივლის. სტოლტენბერგის გზავნილები კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რადგან როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მათი მხრიდან მომდინარეობს პროვოკაცია, მათ აქვთ სურვილი, რომ არჩევნებმა არ ჩაიაროს სათანადოდ მშვიდობიან გარემოში, რათა პრეტენზიები ჰქონდეთ და პოლიტიკური მარცხი გაამართლონ“, – განაცხადა სესიაშვილმა.